სამმა ქართველმა ფეხბურთელმა პრაღის „სლავიასთან“ ითამაშა #1TVSPORT
სამმა ქართველმა ფეხბურთელმა პრაღის „სლავიასთან“ ითამაშა #1TVSPORT

„ზლატე მორავცემ“ სეზონის განახლებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი პრაღაში „სლავიასთან“ გამართა და 1:4 დამარცხდა.

იანვარში „საბურთალოდან“ „ზლატე მორავცეში“ სამი ფეხბურთელი იჯარით გადავიდა – იური ტაბატაძე, გიორგი ჯინჯოლავა და ლევან ნონიკაშვილი, ხოლო დუბლშემადგენლობაში – თბილისური კლუბის სამი 18 წლის მოთამაშე.

ჩეხურ გუნდთან მატჩი ტაბატაძემ და ჯინჯოლავამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს, ნონიკაშვილი კი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. „სლავიამ“ პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა და 3:0 მოიგო, შესვენების შემდეგ კი მეტოქეებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს.

„ზლატე მორავცემ“ ამ შეხვედრით საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადება დაასრულა და შემდეგ მატჩს 10 თებერვალს სლოვაკეთის ჩემპიონატში გამართავს, გუნდი „ვიონ არენაზე“ „ბანსკა ბისტრიცას“ დაუპირისპირდება.