„საბურთალომ“ სატრანსფერო სეზონი გახსნა - „დილადან“ მცველი, „რუსთავიდან“ კი ლიგა 2-ის ბომბარდირი დაიმატეს
სეზონი ახალი დასრულებულია. თუმცა, „საბურთალომ“ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და ორი ტრანსფერი უკვე განახორციელა.
„საბურთალოს“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდში გორის „დილას“ 25 წლის ფლანგის მცველი გიორგი ლაცაბიძე და „რუსთავის“ 29 წლის თავდამსხმელი თომა ტაბატაძე ითამაშებენ.
გიორგი ლაცაბიძე ხაშურელია. თავდაპირველად ლიგა 2-ის „ცხინვალში“ თამაშობდა, საიდანაც ჯერ 2018 წელს „ვიტ ჯორჯიაში“ გადავიდა და გუნდთან ერთად ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა, 2019 წლის ზაფხულიდან კი „რუსთავში“ ჩაირიცხა, 2020 წელს გორის „დილაში“ მიიწვიეს, სადაც ათი წლის წინ ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. დასრულებულ სეზონში ლაცაბიძემ „დილაში“ 12 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა, სამი საგოლე გადაცემა გააკეთა და სამი ყვითელი ბარათი მიიღო.
თომა ტაბატაძე 29 წლისაა და კარიერის უდიდესი ნაწილი უცხოეთში გაატარა. ლიეტუვური „კრუოიადან“ ლატვიურ „ოლიმპსში“ 2011 წელს გადავიდა. ამის შემდეგ 192 სმ სიმაღლის თავდამსხმელი თურქეთის დაბალი ლიგის გუნდებში თამაშობდა, 2019 წელს კი კვიპროსულ „მაგუსაში“ გადავიდა. ტაბატაძე ეროვნული ლიგა 2-ის „რუსთავში“ 2020 წელს ჩაირიცხა, სადაც დასრულებულ სეზონში ყველა 18 მატჩი ითამაშა და 13 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ამას გარდა, ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.