საბერძნეთი-საქართველო | ჯონ ვან სხიპი - საქართველოსთან დადებითი შედეგი უნდა ვაჩვენოთ #1TVSPORT
საბერძნეთი-საქართველო | ჯონ ვან სხიპი - საქართველოსთან დადებითი შედეგი უნდა ვაჩვენოთ #1TVSPORT

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან სხიპმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში 31 მარტს საქართველოს ნაკრებთან სალონიკში დაგეგმილ მატჩზე ილაპარაკა. მან იმედი გამოთქვა, რომ ესპანეთთან კარგად (1:1) დაწყებულ ციკლს ქართველებთანაც წარმატებით გააგრძელებს.

მისმა გუნდმა 28 მარტს სალონიკში ჰონდურასის ნაკრები 2:1 დაამარცხა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სამი დებიუტანტი ათამაშა და სხვა ექსპერიმენტებიც ჩაატარა.

ჯონ ვან სხიპი ჰონდურასთან ამხანაგური მატჩის შედეგით კმაყოფილი დარჩა და თქვა, რომ ახლა მთელი გუნდი საქართველოსთან მატჩზეა კონცენტრირებული.

„ესპანეთთან მატჩის შემდეგ გუნდში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. ჰონდურასთან შემადგენლობა შევცვალეთ და მოთამაშეები სხვა პოზიციაზე გამოვცადე, მაგალითად, პავლიდისი და კირიაკოპულოსი. ახლა, ოთხშაბათის თამაშზე ვფიქრობ და ვცდილობ შევარჩიო ის ფეხბურთელები, რომლებსაც სასტარტო შემადგენლობაში დავაყენებ, რათა კიდევ ერთი დადებითი შედეგი ვაჩვენოთ”, – განაცხადა ჯონ ვან სხიპმა.

მან წარმატებული მატჩების სერიის გაგრძელების აუცილებლობაზე ილაპარაკა: 

„შედეგი მნიშვნელოვანია, რადგან ეს გუნდს ფსიქოლოგიურად დაეხმარება. როგორც მწვრთნელი, კმაყოფილი არასოდეს ვარ, რადგან მსურს მუდმივად ვნახო, გუნდი როგორ ვითარდება. ჰონდურასთან მატჩს ვაანალიზებთ და დასკვნებს გამოვიტანთ. მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ და ახლა საქართველოსთან მომავალ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულები”.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა საბერძნეთსა და საქართველოს შორის სალონიკის „ტუმბა არენაზე“ 31 მარტს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.