სანიოლმა აზაროვთან ერთად კობოური დაიმატა - საქართველოს ნაკრები საბერძნეთში გაემგზავრა #1TVSPORT
სანიოლმა აზაროვთან ერთად კობოური დაიმატა - საქართველოს ნაკრები საბერძნეთში გაემგზავრა #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას სტუმრად საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. ეროვნული გუნდი ჩარტერული ავიარეისით 30 მარტს დილით გაემგზავრა და წლის მესამე ოფიციალური მატჩისთვის მზადებას სალონიკში განაგრძობს.

ვილი სანიოლის გუნდს ესპანეთთან გაძევებული ლევან შენგელია ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ნაკრებს საქართველოს ეროვნული ლიგის ორი მოთამაშე შეუერთდა. ბათუმის „დინამოს“ 19 წლის მცველის, ირაკლი აზაროვის გარდა, რომელიც სანაკრებო შეკრებაზე პირველად მიიწვიეს, საბერძნეთში „დინამო თბილისის“ 23 წლის მცველი დავით კობოურიც გაემგზავრა.

30 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ქალაქ სალონიკში, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე პაოკ-ის სტადიონ „ტუმბა არენზე“ ივარჯიშებს, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციას გამართავს.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა საბერძნეთსა და საქართველოს შორის 31 მარტს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი