საბავშვო ევროვიზია 2019-ის ფინალური შოუ დღეს გაიმართება - პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე 19:00 საათზე დაიწყება
საბავშვო ევროვიზია 2019-ის ფინალური შოუ დღეს გაიმართება - პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე 19:00 საათზე დაიწყება

პირველი არხის მაყურებელი დღეს, 19:00 საათზე საბავშვო ევროვიზია 2019-ის მასშტაბურ შოუს პირდაპირ ეთერში იხილავს. პოლონეთში, „გლივიცა არენაზე“ საქართველოს სახელით გიორგი როსტიაშვილი წარდგება.

ქართველი კონკურსანტი შეასრულებს დათო ევგენიძის საკონკურსო სიმღერას „გვინდა გვიყვარდეს“ (We need Love). ამ სახელწოდებით სიმღერაზე კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვარი კი შაკო პოპიაშვილია. ვიდეორგოლში პროექტ „რანინას“ წლევანდელი კონკურსანტებიც მონაწილეობენ.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა ვებგვერდზე Junioreurovision.tv-ზე შეგიძლიათ. ვებგვერდზე ხმის მიცემის გრაფის ნახვის შემდეგ, მოუსმინეთ ცხრამეტივე კონკურსანტს და ხმა მიეცით მინიმუმ სამ და მაქსიმუმ ხუთ კონკურსანტს.

რაც მთავარია, ხმის მიცემა საქართველოსთვისაც შეგიძლიათ. მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობთ. ონლაინ ხმის მიცემა გაგრძელდება დღეს, კონკურსის დაწყებამდე და 15 წუთით განახლდება მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი იმღერებს.

საქართველოს სახელით საკონკურსო ქულებს „რანინას“ ერთ-ერთი მონაწილე, ანასტასია გარსევანიშვილი გამოაცხადებს.

საბავშვო ევროფესტივალის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი