საარბიტრაჟო სასამართლომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში რუს მაღალჩინოსნებსაც აუკრძალა დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებზე დასწრება
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსა და რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს დავა განიხილა და გამოიტანა ვერდიქტი, რომლის მიხედვით რუსი სპორტსმენები დიდ საერთაშორისო ტურნირებზე 2022 წლის 16 დეკემბრამდე ვერ შეძლებენ საკუთარი დროშის ქვეშ გამოსვლას. ეს სანქციები შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატებს, აგრეთვე, ტოკიოს ოლიმპიადასა და პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას.
საერთაშორისო სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მსხვილ საერთაშორისო ტურნირებზე დასწრების აკრძალვა რუსეთის ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანზე ვრცელდება: მინისტრებსა და მათ მოადგილეებზე, პრემიერ-მინისტრსა და მის მოადგილეებზე, სახელმწიფო დუმის დეპუტატებზე და ასევე, პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციაზეც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორი წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ვერ შეძლებს დიდ საერთაშორისო ტურნირებზე დასწრებას.
გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი თანამდებობის პირებს შეჯიბრების მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერმინისტრი პირადად მიიწვევს, – წერს გამოცემა „გარდიანი“.