სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და პროექტ „კლასტერები განვითარებისთვის“ ორგანიზებით, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში მედიატური გაიმართა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და პროექტ „კლასტერები განვითარებისთვის“ ორგანიზებით, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა ტური გაიმართა. პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
მედიატურის მიზანი იყო ბიზნესმედიისა და შემდგომში ბიზნესსაზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება სააგენტოს პროგრამებისა და განვითარების გეგმის შესახებ. მედიატურის ფარგლებში 30-მდე სხვადასხვა მედიასაშუალების, მათ შორის ტელევიზიის, ონლაინ მედიისა და რადიოს ჟურნალისტები ორდღიანი სემინარის მიმდინარეობისას სააგენტოს არსებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროგრამებს გაეცნენ, ასევე ეწვივნენ ზუგდიდში მდებარე „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრს, რომელიც ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გაიხსნება. ჟურნალისტები ადგილზე დეტალურად გაეცნენ საკონსულტაციო ცენტრების კონცეფციას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება ბათუმსა და თელავშიც, ქვეყნის მასშტაბით მსგავსი ტიპის ცენტრები ათივე რეგიონში განთავსდება.
მედიატურში მონაწილე ჟურნალისტებმა ზუგდიდში ასევე დაათვალიერეს სააგენტოს ბენეფიციარი სასტუმრო „ლეთო“, რომელიც სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნა. პროექტში 4 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა და დასაქმებულია 70-ზე მეტი ადამიანი. ბათუმში მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ „არტ გლას სტუდიოს“, რომელიც ვიტრაჟებს აწარმოებს და „აწარმოე საქართველოში“ მიკროგრანტების პროგრამის მონაწილეა.
ტურის ბოლოს ჟურნალისტები „შალე კვირიკეს“ ახალი პროექტის გაეცნენ, რომელიც ყველასათვის უკვე კარგად ნაცნობი მულტიფუნქციური სასტუმრო კომპლექსის – „შატო კვირიკეს“ ერთგვარი გაგრძელებაა. „შატო კვირიკე“ ბათუმიდან 20 წუთის გზაზე, ქობულეთში მდებარეობს – ის 6 ჰექტარზეა გაშენებული და ისეთ სივრცეებს აერთიანებს, როგორებიცაა: მთავარი სასტუმრო შენობა, 15 კოტეჯი, კერძო ვილა, ვენახი და ღვინის მარანი, რესტორნები, გარე საცურაო აუზი, საღონისძიებო სივრცეები და საკონფერენციო დარბაზი. შატოს მსგავსად, „შალე კვირიკე“ პროექტის, „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით განხორციელდა. ის აჭარაში, კვირიკეს მთებში, რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლოკაციაზე – ზღვის დონიდან 1050 მეტრზე, შავი ზღვის სანაპიროდან კი 12 კილომეტრში მდებარეობს. „შალე კვირიკე“ აერთიანებს რესტორანსა და 20 კოტეჯს – პანორამული ხედებით კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპიროზე.