რუსული მძლეოსნობა ისევ კანონგარეშეა
რუსული მძლეოსნობა ისევ კანონგარეშეა

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ძალაში დატოვა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის დისკვალიფიკაცია.

საკითხი რუსეთის მხრიდან ორი კრიტერიუმის შეუსრულებლობაში მდგომარეობს. კერძოდ, რუსულმა ფედერაციამ არ აანაზღაურა საერთაშორისო ფედერაციის სამუშაო ჯგუფის მუშაობა, აგრეთვე, არ დაფარა რუსი მძლეოსნოების დოპინგ საქმეების სასამართლო ხარჯები. ამის შესახებ წერს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეს-სამსახური.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას წევრობა 2015 წლის ნოემბერში შეუჩერეს. მიზეზი ცნობილი დოპინგ-სკანდალი იყო. რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის მძლეოსნობის ნაკრები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამჟამად, საერთაშორისო ტურნირებზე რუსები ნეიტრალური სპორტსმენების სტატუსით გამოდიან. მარტის დასაწყისში, მათ გლაზგოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე (დარბაზებისთვის) სამი მედალი მოიპოვეს – ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო.