ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მე-14 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა – ერთი მასპინძლებმა მოიგეს, მეორეში 3 ქულა სტუმრებმა მოიპოვეს.
„სპაერის“ სტადიონზე დუშეთის „არაგვმა“ ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. სტუმრებმა უპირატესობა პირველ ტაიმში გურამ მინდორაშვილის გოლით (35 წუთი) მოიპოვეს, 84-ე წუთზე ლუქმან გილმორმა ზუგდიდელები ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. დუშელებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს – „დინამოს“ კარი 86-ე წუთზე იაკობ აფხაზავამ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გამოცდილი თემურ მახარაძის მისვლა „რუსთავს“ სასიკეთოდ დაეტყო და ბოლო ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. ამჯერად გუნდმა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ მარტვილის „მერანს“ 3:1 სძლია. რუსთაველებიდან თავი გამოიჩინეს ნიკა აფაქიძემ (7), ბექა გვარაძემ (39) და გიორგი ხარებაშვილმა (52), მარტვილელებიდან კი – ფელიპე პაიმმა (21).
ამ მოგებით „რუსთავმა“ 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში სამი საფეხურით დაწინაურდა – გუნდი მეოთხე ადგილზეა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნების რეალური შანსი გაუჩნდა. „მერანი“ 19 ქულით მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა. მდგომარეობა ზუგდიდის „დინამომაც” (18 ქულა) გაიუმჯობესა და უკვე მეშვიდე ადგილზეა, ხოლო დუშეთის „არაგვი“ (8 ქულა) ბოლო პოზიციაზე რჩება.