„ბორდომ“ დავითაშვილის გოლით მოიგო და ლიგა 1-ში გადასვლას მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ შემადგენლობაში მორიგი გოლი გაიტანა, რომლითაც ქართველის გუნდმა „კაენი“ 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, რომელიც ბოლო ორი ტურია, ლიგის სიმბოლურ ნაკრებში ხვდება (გიორგი მიქაუტაძესთან ერთად), კვლავ „ბორდოს“ ძირითად თერთმეტეულში იყო და 90+3 წუთი ითამაშა, მოედნიდან კი ოვაციებით გააცილეს.

მატჩის მსვლელობისას დავითაშვილი თავის გუნდში გამორჩეული იყო და ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა. ჯოშ მაჯამ ზურიკო მოძებნა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და შანსი გოლად აქცია.

„ბორდოს“ მეორე ტაიმში უპირატესობის გაზრდა შეეძლო, ამჯერად დავითაშვილმა დატოვა მეკარესთან ჯოშ მაჯა, მაგრამ მასპინძელთა თავდამსხმელმა ამ მშვენიერი შანსით ვერ ისარგებლა.

„ბორდო“ ამჟამად 65 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ლე ავრთან“ (68) სხვაობა შეამცირა, ხოლო გიორგი მიქაუტაძის „მეცთან“ (59) უპირატესობა გაზარდა და ლიგა 1-ში გადასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

დავითაშვილმა ლიგა 2-ში გამართულ 19 შეხვედრაში უკვე მეოთხე გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.