„რუსთავის“ მეხუთე გამარჯვება სუპერლიგაში
„რუსთავის“ მეხუთე გამარჯვება სუპერლიგაში

5 მატჩი, 5 გამარჯვება – ანატოლი ბოისას გაწვრთნილი „რუსთავი“ სუპერლიგის ცხრილის სათავისკენ მიიწევს. რუსთაველებს კოვიდ-ინფექციის გამო სხვებზე მეტი თამაში გადაედოთ და სხვა გუნდებზე ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული. ქვემოქართლელებმა სუპერლიგის მე-5 მატჩი „ოლიმპთან“ საშინაო არენაზე გამართეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 75:57.

„ოლიმპში“ ახლახან მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და დავით როგავამ გუნდის მესაჭეობა წარმატებულად დაიწყო. ოლიმპელებმა წინა ტურში „ტიტები“ დაამარცხეს და რუსთავში, სუპერლიგის ერთ-ერთ ფავორიტთან მატჩიც საკმაოდ შედეგიანად დაიწყეს. სწრაფი და დაბალანსებული შეტევების ხარჯზე როგავას გაწვრთნილმა გუნდმა 15:20 წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა (26:26) და მასპინძელთა მწვრთნელს წუთშესვენების აღებაც მოუხდა.

რუსთაველებმა თამაში დააწყნარეს, მედგარი დაცვით ოლიმპელთა შეტევები შეაჩერეს და კომბინაციების გათამაშებას მიჰყვეს ხელი. საიმედო უკანა ხაზის წყალობით, რომელსაც მალიქ უაითისა და მაიკ დევისის ფეთქებადი ტანდემი შეადგენდა, რუსთაველებმა ლიდერობის გამყარება დაიწყეს და დიდი შესვენებისთვის 40:31 დაწინაურდნენ.

მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა. რუსთაველები ლიდერობას ნელა, თუმცა პერმანენტულად ზრდიდნენ და ბოლო პერიოდის ახალდაწყებულზე მეტოქეს 20 ქულით გაექცნენ. ყველაფერიც აქ გაირკვა.

გამარჯვებულებს 20 ქულითა და 10 მოხსნით მაიკ დევისმა ულიდერა. 14 ქულა და 11 მოხსნა ჯილან ვაშინგტონმა, ხოლო 10 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მალიქ უაითმა მიითვალა. „ოლიმპში“ 9 ქულითა და 15 მოხსნით ყველაზე სარგებლიანი იყო ბუნდუ აბდულაი. 15 ქულა და 9 მოხსნა კახა ჯინჭარაძემ მიითვალა. ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე 11 პასი და 7 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მომდევნო მატჩები 19 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება:
ტიტები-კაკტუსი 12:00
ცხუმ-აფხაზეთი-თსუ 17:00

gbf.ge