რუსეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკურ გამოცდას მოხალისე სამხედროებზე ჩაატარებენ
რუსეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკურ გამოცდას მოხალისე სამხედროებზე ჩაატარებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის დაწყების შესახებ განაცხადა. უწყების ცნობით, ვაქცინას მოხალისე სამხედროებზე გამოცდიან. ამისათვის, 50 სამხედრო მოსამსახურე უკვე შეარჩიეს.

„ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესამოწმებლად შერჩეულია 50 სამხედრო, მათ შორის, ხუთი ქალი, რომლებმაც ნებაყოფლობით გამოთქვეს სურვილი, მიიღონ მონაწილეობა თანამედროვე პრეპარატის აპრობაციაში“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში, რომელსაც სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

ვაქცინის გამოცდა ჩატარდება თავდაცვის სამინისტროს 48-ე ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. სამი ივნისიდან მოხალისეთა პირველ ჯგუფს ინსტიტუტთან არსებულ სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსებენ, სადაც მათ ექსპერიმენტის დასაწყებად მოამზადებენ.