მარკ რუტე – ევროპამ წელს რუსეთისგან იმაზე დიდი რაოდენობით თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა, ვიდრე რუსეთსა და აშშ-ს შორის დიზელის საწვავზე შეთანხმება ოდესმე მოიტანდა, ასე რომ, ევროპაც არ არის წმინდანი
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპული ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსების შესყიდვის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ევროპას არ აქვს საფუძველი, თავი რუსეთისგან ენერგომატარებლების შეძენის საკითხში სრულიად უდანაშაულოდ წარმოაჩინოს.
ნიდერლანდურ სატელევიზიო გადაცემაში რუტესთან დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდა რუსეთისგან დიზელის საწვავის შესაძლო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია. წამყვანმა რუტეს შეახსენა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთისგან მიღებული ფინანსური შემოსავლები მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებისა და შეიარაღების შესყიდვის შესაძლებლობას აძლევს.
რუტემ აღნიშნა, რომ ეს შეშფოთება გასაგებია, თუმცა ყურადღება ევროპის საკუთარ ენერგეტიკულ პოლიტიკაზეც გაამახვილა.
„ევროპამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთში 6 მილიარდი ევროს ღირებულების გათხევადებული ბუნებრივი აირი შეიძინა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე რუსეთსა და აშშ-ს შორის დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმება ოდესმე მოიტანდა, ასე რომ, ევროპაც არ არის წმინდანი“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
წამყვანმა რუტეს უპასუხა და აღნიშნა, რომ საკითხი ევროპის უდანაშაულობა კი არა, რუსეთის მიერ ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების ომის დაფინანსებისთვის გამოყენებაა. მისი თქმით, უკრაინისთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან რუსეთი ენერგორესურსების გაყიდვით მიღებული ფულით იარაღს ყიდულობს და ამ იარაღით უკრაინის ქალაქებს ბომბავს.
რუტემ ზელენსკის შეშფოთება გაიზიარა, თუმცა აღნიშნა, რომ ევროპის ენერგეტიკული შესყიდვებიც იმავე ლოგიკით უნდა შეფასდეს.
„რუსეთისგან მიღებული შემოსავლებით შეძენილი იარაღი უკრაინას თუ ბომბავს, მაშინ იგივე კითხვა ევროპული შესყიდვების შემთხვევაშიც ჩნდება“, – აღნიშნა რუტემ.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვისთვის აშშ-ის მხარდაჭერა კვლავ გადამწყვეტია. მისი თქმით, ევროპას ამ ეტაპზე არ შეუძლია იმ კრიტიკული სამხედრო შესაძლებლობების სრულად ჩანაცვლება, რომლებსაც ვაშინგტონი კიევს აწვდის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები და სადაზვერვო ინფორმაცია.