რადოსლავ სიკორსკიმ ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინების გარეშე არ გამართონ
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინების გარეშე არ გამართონ.
„აღმოსავლეთ ევროპა და სკანდინავია ამ დისკუსიის მიღმა არ უნდა დარჩნენ. ჩვენ დაახლოებით 120 მილიონი ადამიანი ვართ. ფინეთს, ნორვეგიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთთან საერთო საზღვარი აქვთ, ხოლო პოლონეთს როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან აქვს საზღვარი“, – განაცხადა სიკორსკიმ.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ევროპელ კოლეგებს მოუწოდა, ვლადიმერ პუტინის „ჭეშმარიტ განზრახვებთან“ დაკავშირებით „განსაკუთრებული სიფრთხილე“ გამოიჩინონ და მიმდინარე დიპლომატიურ პროცესს „რეალისტურად“ შეხედონ.
„ზამთარში, შესაძლოა, პუტინს შეთანხმების მიღწევის ნაკლები სტიმული ჰქონდეს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ევროკავშირს მოუწოდა, განიხილოს, ვინ უნდა წარმოადგენდეს ბლოკს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და რა მანდატით.