რუსეთმა „თურქული ნაკადის“ ზღვაზე გამავალი ნაწილის მშენებლობა დაასრულა
რუსეთმა „თურქული ნაკადის“ ზღვაზე გამავალი ნაწილის მშენებლობა დაასრულა. სამშენებლო სამუშაობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრნენ.
როგორც ვარაუდობენ, გაზსადენი 2019 წლის ბოლოს უნდა ამუშავდეს. „თურქული ნაკადის“ პირველი ქსელის საშუალებით რუსულ ბუნებრივ აირს თურქეთი მიიღებს, ხოლო მეორეთი გაზს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სახელმწიფოებს მიაწვდიან.
როგორც პუტინმა განაცხადა, გაზსადენის მშენებელობისას შავი ზღვის ფსკერზე 1800 კილომეტრის სიგრძის მილსადენი განთავსდა.
„თურქეთი სერიოზული ევროპული ჰაბი ხდება, რაც ამ ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზეც აისახება“, – განაცხადა პუტინმა.
„თურქული ნაკადის“ მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. ამ გაზსადენმა ჩაანაცვლა ცნობილი „სამხრეთის ნაკადი“, რომლის მშენებლობა 2014 წელს შეჩერდა, მას შემდეგ რაც პროექტში მონაწილეობაზე უარი ბულგარეთმა განაცხადა.