რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების შეიარაღებულმა ძალებმა დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება დაიწყეს
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების შეიარაღებულმა ძალებმა დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება დაიწყეს

რუსეთის სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქებმა წვრთნების შემდეგ შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება დაიწყეს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

კონაშენკოვის განმარტებით, დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებიან ის დანაყოფები, რომლებმაც სწავლებაში მონაწილეობა უკვე დაასრულეს.

„სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა დავალების შესრულების შემდეგ უკვე დაიწყეს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტში ჩასხდომა და დღეს თავიანთი სამხედრო გარნიზონებისკენ გადაადგილებას დაიწყებენ“, – განაცხადა კონაშენკოვმა.

ამასთან, ამავე წყაროს ცნობით, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები გრძელდება. მასშტაბურ სწავლებაში ჩართულია თითქმის ყველა სამხედრო ოლქი, ფლოტი და საჰაერო-სადესანტო ძალები. 19 თებერვალს „ობუზ-ლესნოვკის“ პოლიგონზე საბრძოლო სროლის ეტაპი იწყება. მასზე დამკვირვებლის სტატუსით მიწვეული არიან ბელარუსში მყოფი უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები და მედიის წარმომადგენლები. რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები 20 თებერვალს დასრულდება.