რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „აზოვსტალი“ სრულად გაათავისუფლეს უკრაინელი მებრძოლებისგან
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „აზოვსტალი“ სრულად გაათავისუფლეს უკრაინელი მებრძოლებისგან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქარხანა „აზოვსტალი“ სრულად გაათავისუფლეს უკრაინელი მებრძოლებისგან.

„მარიუპოლში მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორია, სადაც მიმდინარე წლის 21 აპრილიდან ბლოკირებული იყო უკრაინელი ბოევიკების ჯგუფი „აზოვი“, სრულად გათავისუფლებულია“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ქარხნის მიწისქვეშა ობიექტები, რომელშიც მებრძოლები იმალებოდნენ, რუსეთის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშ მოექცა. მათი ინფორმაციით, 16 მაისიდან მოყოლებული, რუსეთის არმიას ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებული 2 439 მებრძოლი ჩაბარდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დღეს, 20 მაისს ტყვედ ჩაბარდა ბოლო ჯგუფი, 531 მებრძოლის შემადგენლობით“. ამავე განცხადების თანახმად, ბატალიონ „აზოვის“ მეთაური ტერიტორიიდან სპეციალური ჯავშანმანქანით გაიყვანეს.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქარხნის შიდა და მიმდებარე ტერიტორიის უკრაინელი მებრძოლებისგან გათავისუფლების შესახებ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აცნობა.

დატოვე კომენტარი