რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსი დიპლომატების გაძევება უპასუხოდ არ ჩაივლის
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსი დიპლომატების გაძევება უპასუხოდ არ ჩაივლის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რიგი ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უპასუხოდ არ ჩაივლის.

სკრიპალის საქმეზე არც ბრიტანეთს და არც მის მოკავშირეებს არ აქვთ ობიექტური და ამომწურავი ცნობები, რაც რუსეთის ამ საქმესთან კავშირს დაადასტურებდა. ისინი ბრმად მიჰყვებიან ევროატლანტიკური ერთიანობის პრინციპს, რაც საღ აზრს, სახელმწიფოთა შორის დიალოგის ცივილიზებულ ნორმებსა და საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ამ სახელმწიფოების არამეგობრული ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რუსი დიპლომატები გააძევოს, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, 60 რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს ამერიკის შეერთებული შტატები.

ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში 4 მარტს იპოვეს. დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.

14 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა სახის კონტაქტს  წყვეტს და ეს გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო მიიღო.