რუსეთის პრეზიდენტმა ყალბი ამბების გავრცელებისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფის შესახებ კანონებს ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყალბი ამბების გავრცელებისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფის შესახებ კანონებს ხელი მოაწერა. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები რუსეთის ფედერაციის საბჭომ გასულ კვირას დაამტკიცა.
დოკუმენტები სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.
ორივე კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებია გათვალისწინებული. ყალბი ამბების გავრცელების შესახებ კანონის დარღვევა 30 ათასიდან 1,5 მილიონ რუბლამდე (400-დან 20 ათას ევრომდე) ჯარიმას ითვალისწინებს.
ონლაინ-მედიასაშუალებები ყალბი ამბების გავრცელების შემთხვევაში ჯერ წინასწარ გაფრთხილებას მიიღებენ, რის შემდეგაც მათ ცრუ ინფორმაციის წასაშლელად 24-საათიანი ვადა ექნებათ. კანონი არ ვრცელდება ტრადიციულ მედიასაშუალებებზე.
საზოგადოებისა და სახელმწიფოს შესახებ შეურაცხმყოფელი პუბლიკაციების შესახებ კანონის თანახმად, დაიბლოკება ის ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს მიმართ აშკარა უპატივცემულობას გამოხატავს და ადამიანის ღირსებასა და საზოგადოებრივ ზნეობას, ასევე სახელმწიფო სიმბოლოებს შეურაცხყოფს.
რუსეთის მთავრობის ოპონენტები შიშობენ, რომ რუსეთის ხელისუფლება ორივე კანონს მისთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელების დასაბლოკად გამოიყენებს.