ემანუელ მაკრონი - ადამიანებმა, რომლებიც ინტერნეტში ყალბ ამბებს ავრცელებენ, პასუხი უნდა აგონ და შესაძლოა, მართლმსაჯულების წინაშეც წარდგნენ
ემანუელ მაკრონი - ადამიანებმა, რომლებიც ინტერნეტში ყალბ ამბებს ავრცელებენ, პასუხი უნდა აგონ და შესაძლოა, მართლმსაჯულების წინაშეც წარდგნენ

ადამიანებმა, რომლებიც ინტერნეტში ყალბ ამბებს ავრცელებენ, პასუხი უნდა აგონ და შესაძლოა, მართლმსაჯულების წინაშეც წარდგნენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

დასავლური მედია წერს, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ აღნიშნული საკითხი მეტ მნიშვნელობას იძენს. პარიზში სიტყვით გამოსვლისას, მაკრონმა განაცხადა, რომ დეზინფორმაცია და ყალბი ამბები დემოკრატიის საფრთხეს წარმოადგენს.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ახალმა კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ინტერნეტ პლატფორმებმა და გავლენიანმა ადამიანებმა, ისევე როგორც ჟურნალისტებმა პასუხი აგონ ყალბი ამბების გავრცელებისთვის.

„იგივე უნდა იყოს უცხოური მედიისთვისაც, რომლებსაც უფლება აქვთ, საფრანგეთის ტერიტორიაზე გაავრცელონ ახალი ამბები“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლური დემოკრატიები ამჟამად არ არიან საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ წინ აღუდგნენ „გარე ავტორიტარული რეჟიმების მიერ დაფინანსებულ პროპაგანდისტულ მოთამაშეებს, რომლებიც არ შეესაბამება ანგარიშვალდებულების პროცედურებსა და ჟურნალისტურ ეთიკას“.

საფრანგეთში პრესის თავისუფლება 1881 წლის კანონით განისაზღვრა, თუმცა ასევე დაინერგა წესები ცილისწამებისა და სიძულვილს ენის წინააღმდეგ. საფრანგეთის მთავრობამ უცხოურ დეზინფორმაციასთან და ყალბ ამბებთან საბრძოლველად გასულ წელს სააგენტო შექმნა.