რუსეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი უკრაინაში რუსულ აგრესიაზე - ამ სიტყვების შემდეგ შეიძლება დამაპატიმრონ ან მომკლან, მაგრამ ეს ნამდვილი საშინელებაა #1TVSPORT
2012-16 წლებში რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი იგორ დენისოვი უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ გამოვიდა იმის მიუხედავად, რომ მას ამგვარი პოზიციისთვის, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეექმნას.
„ეს მოვლენა – სრული კატასტროფაა. ნამდვილი საშინელება“, – განაცხადა „ზენიტის“, მოსკოვის „დინამოსა“ და „ლოკომოტივის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელსაც 56 მატჩი აქვს ჩატარებული რუსეთის ნაკრებში.
იგორ დენისოვი ყველაზე ცნობილი სპორტსმენია იმათგან, ვინც ჯერ ისევ რუსეთში ცხოვრობს და საჯაროდ დაგმო ვლადიმერ პუტინის ბრძანებით რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრა.
„არ ვიცი, შესაძლოა, ამ სიტყვების შემდეგ დამაპატიმრონ ან მომკლან, მაგრამ მე ვამბობ იმას, რაც ხდება“, – განაცხადა დენისოვმა YouTube-ის ერთ-ერთ არხზე ინტერვიუსას.
ფეხბურთელი აღიარებს, რომ წერილი მიწერა პუტინს თხოვნით – შეაჩეროს ომი უკრაინაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს მათთვის, ვინც „ყალბ ინფორმაციას“ ავრცელებს ან მიმართავს ნებისმიერ საჯარო ქმედებას, რომელიც რუსეთის საომარი მოქმედებების დისკრედიტირებას ახდენს.