რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე რვა ნაკრები ამბობს უარს #1TVSPORT
რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე რვა ნაკრები ამბობს უარს #1TVSPORT

კვირას, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) მიიღო გადაწყვეტილება – რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ითამაშებს სახელწოდებით – „რუსეთის საფეხბურთო კავშირის გუნდი“ და მას არ ექნება ჰიმნი და დროშა. გარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიაზე არ გაიმართება საერთაშორისო მატჩები. რუსეთის გუნდის თამაშები ჩატარდება ნეიტრალურ მოედნებზე და მაყურებლების გარეშე.

რუსეთის მეტოქეებს ფიფა-ს ეს გადაწყვეტილება არ მოეწონათ. მათი აზრით, სასჯელი მეტად რბილია.

* პოლონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ცეზარი კულეშმა მაშინვე განაცხადა, რომ პოლონელები მაინც არ ითამაშებენ რუსების წინააღმდეგ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში. „ფიფა-ს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ამაში მონაწილეობაზე: პოლონეთის ნაკრები არ ითამაშებს რუსეთთან – გუნდის სახელის მიუხედავად. რუსეთის წინააღმდეგ თამაში სამარცხვინო საქციელი იქნებოდა არა მხოლოდ ჩვენი მოთამაშეებისთვის, არამედ, მთელი საფეხბურთო საზოგადოებისთვის. ჩვენ უარს ვამბობთ პლეი ოფის მატჩებში მონაწილეობაზე, რომელშიც რუსეთის ნაკრები თამაშობს“, – დაწერა მან „ტვიტერში“.

ამის შემდეგ, კულეშმა იგივე ნაბიჯისკენ მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს: „ფიფა-ს სკანდალური გადაწყვეტილების გამო, პოლონეთის საფეხბურთო კავშირმა წერილი გაუგზავნა ევროპის ყველა საფეხბურთო ფედერაციას. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიცია და მოვუწოდეთ ყველას – დადგნენ ჩვენს გვერდით, რადგან ერთად ძლიერები ვიქნებით“.

* რუსეთის ნაკრების კიდევ ერთი პოტენციური მეტოქე პლეი ოფში შვედეთი ასევე უკმაყოფილოა ფიფა-ს გადაწყვეტილებით. „ჩვენი აზრი იგივე დარჩა. ფიფა-ს ერთი გადაწყვეტილების გამო, სიტუაცია უკრაინაში არ შეცვლილა. ამიტომაც ჩვენ არ ვცვლით პოზიციას. გვინდა მოვილაპარაკოთ პოლონეთთან და ჩეხეთთან, რათა ერთობლივი პოზიცია დავაფიქსიროთ. ფიფა-სგან უფრო ხისტ პოზიციას ველოდით.

გასაგებია, რომ ფიფა-ს პოზიცია არ გვაწყობს. ჩვენ ველოდებით მათგან ახალ გადაწყვეტილებებს. ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ფიფა დაგვსჯის ამ პოზიციის გამო. თუ ფიფა ტექნიკურ წაგებას მოგვანიჭებს, ამით საბედისწერო შეცდომას დაუშვებს“, – განაცხადა შვედეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა კარლ-ერიკ ნილსონმა.

* ჩაშლის პირას აღმოჩნდა 2022 წლის ერთა ლიგის მატჩები. ალბანეთის საფეხბურთო ნაკრები არ აპირებს 2 ივნისს ერთა ლიგაზე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშს. მათი საპასუხო შეხვედრა 13 ივნისს არის დაგეგმილი. ამის შესახებ განაცხადა ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლტა ჯაჩკამ.

* რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ბოიკოტს კიდევ რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა:

ინგლისი – „უკრაინასთან სოლიდარობის ნიშნად, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ადასტურებს, რომ ახლო მომავალში ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთის ნაკრებთან თამაშს. ეს ეხება ნებისმიერ მატჩს ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში“.

უელსი – „უელსის საფეხბურთო ასოციაციამ გადაწყვიტა, უახლოეს მომავალში არ ჩაატაროს მატჩები რუსეთთან არც ერთი დონის ტურნირზე“.

ნორვეგია – „ჩვენ ბოლომდე სოლიდარულები ვართ შვედეთთან, პოლონეთთან და ჩეხეთთან – რუსეთთან მატჩების ჩატარება აბსოლუტურად უადგილოა“.

დანიის კულტურის მინისტრმა დაამატა: „მიდი, ფიფა! საკმარისი არ არის მატჩების გადატანა რუსული სტადიონებიდან. რუსეთი უნდა გაირიცხოს მთლიანად საერთაშორისო სპორტიდან“.

საბოლოოდ, ბოიკოტს მხარს უჭერენ – პოლონეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი, ნორვეგია, ალბანეთი და ნაწილობრივ, დანია.

ფიფა-ში უკვე მიანიშნეს, რომ თუ რუსეთის მეტოქეებთან მოლაპარაკება არ მოხერხდება, ისინი მზად არიან წავიდნენ რუსეთის ნაკრების გარიცხვაზე: „ფიფა გააგრძელებს მუდმივ დიალოგს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, უეფა-სთან და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან დამატებითი ზომების ან სანქციების განსაზღვრისთვის, მათ შორის, ტურნირებიდან ჩამოშორებას. ეს შეიძლება უახლოეს მომავალში მოხდეს, თუ სიტუაცია მალე არ გაუმჯობესდა. ფიფა მზად არის მიიღოს ნებისმიერი ეს გადაწყვეტილება“.