„ვალენსიასა“ და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი დენის ჩერიშევი აკრძალული პრეპარატების გამოყენებაშია ეჭვმიტანილი, – ამის შესახებ ინგლისურმა გაზეთმა The Telegraph-მა დაწერა.
ესპანეთის ანტისადოპინგო სააგენტო შეშფოთდა ფეხბურთელის მამის, დიმიტრი ჩერიშევის სიტყვების გამო. მან ახსენა ზრდის ჰორმონის ინექცია, რომელიც ფეხბურთელს „ვილიარეალში“ თამაშის პერიოდში გაუკეთეს.
სააგენტო აპირებს, დაადგინოს – როგორ მოხვდა ეს პრეპარატი სპორტსმენის ორგანიზმში. აღნიშნავენ, რომ გამოძიების პროცესში ესპანელ დოპინგოფიცრებს კავშირი ექნებათ მსოფლიოსა და რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოებთან.
ზრდის ჰორმონის გამოყენება შესაბამისი ნებართვის გარეშე ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით ისჯება.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ჩერიშევის მიმართ გამოძიება მისი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატიდან ესპანეთში დაბრუნების შემდეგ დაიწყო.