რუსეთის ეკლესიის სინოდი უკრაინასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე იმსჯელებს
მინსკში დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
რუსეთის წმინდა სინოდი მინსკში პირველად იკრიბება. მთავარი განსახილველი თემა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის მიტროპოლიის რუსეთის დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ ბრძანება, გაუქმდა. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი დაიწყო.
როგორც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის პრესმდივანმა, ალექსანდრ ვოლკოვმა განაცხადა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი უკრაინასთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებას „ადეკვატურად და მკაცრად“ უპასუხებს.
მინსკში უკვე ჩავიდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სინოდის სხდომაზე გადაწყდება ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი.
„მათ შორის იქნება რეაგირება იმაზე, რაც დღეს ხდება მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში, ასევე იმ სიტუაციაზე, რაც ვითარდება უკრაინაში“, – აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რუსეთის ეკლესიის კიდევ ერთმა იერარქმა. საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ილარიონის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება „იძულებულს ხდის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ერთობა გაწყვიტოს“.
11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა და მათი კანონიკური სტატუსი აღადგინა. გარდა ამისა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წლის სინოდალური წერილი, რომლის მიხედვით, მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმის უფლებას აძლევდა, გაუქმებულად გამოაცხადა. მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი გრძელდება.