ვლადიმირ ზელენსკის მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ეკლესიასთან იჯარის გაუქმებისა და კიევ-პეჩერის ​ლავრის უკრაინის ეკლესიისთვის გადაცემისკენ მოუწოდებენ
ვლადიმირ ზელენსკის მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ეკლესიასთან იჯარის გაუქმებისა და კიევ-პეჩერის ​ლავრის უკრაინის ეკლესიისთვის გადაცემისკენ მოუწოდებენ

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კიევ-პეჩერის ლავრის იჯარის შეთანხმების გაუქმებისა და მონასტრის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი პეტიცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

პეტიცია პრეზიდენტის ვებგვერდზე 15 აპრილით თარიღდება და მას საჭირო 25 000 ხელმოწერაზე მეტი უკვე შეგროვებული აქვს.

პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კიევის მიტროპოლიის ერთადერთ კანონიკურ მემკვიდრედ მიიჩნევს.

პეტიციაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები შემჩნეულნი არიან უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებსა და განცხადებებში.

როგორც უკრაინული მედია წერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პეტიცია საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებიდან სამი დღის ვადაში უნდა განიხილოს და ამის შემდეგ 10 სამუშაო დღეში პრეზიდენტის პასუხი გამოაქვეყნოს.