რუსეთი მეორე მსოფლიო ომის უმსხვილესი საარქივო ცენტრის შექმნას აპირებს
რუსეთში მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული უმსხვილესი საარქივო ცენტრი შეიქმნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.
პუტინის თქმით, საარქივო დოკუმენტები ხელმისაწვდომი იქნება, როგორც რუსეთის, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
„რუსეთში შეიქმნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი მეორე მსოფლიო ომის საარქივო დოკუმენტების, კინო და ფოტომასალების უმსხვილესი და ყველაზე სრული კომპლექსი. ასეთი სამუშაო ჩვენი, როგორც გამარჯვებული ქვეყნის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა მომავალი თაობის წინაშე“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
პუტინმა აღნიშნა: „ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ სიმართლე გამარჯვების შესახებ“.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ტყუილისა და ისტორიის გაყალბების მცდელობებს რუსეთმა ფაქტები უნდა დაუპირისპიროს.