რუმინული ფეხბურთის ლეგენდა - „ლოკომოტივი“ არც ისე სუსტი გუნდია
რუმინული ფეხბურთის ლეგენდა - „ლოკომოტივი“ არც ისე სუსტი გუნდია
დან პეტრესკუ არ ეთანხმება რუმინელთა მოსაზრებას, რომ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კრაიოვას „უნივერსიტატეამ“ სუსტ გუნდთან წააგო – ამის შესახებ რუმინული ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდამ, „დიგი სპორტის“ ეთერში განაცხადა.
 
„კრაიოველთა წაგება სიურპრიზი იყო, მაგრამ არც ისე დიდი. ევროპულ შეჯიბრში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თბილისის „ლოკომოტივს“ დიდი ხანია, ევროპულ შეჯიბრებებში არ უთამაშია. ამის გამო, შესაძლოა, ეს მარცხი რუმინეთისთვის დრამად იქცა, მაგრამ მე ამაში ტრაგედიებს ვერ ვხედავ. გუნდს შორ გზაზე მგზავრობა მოუხდა, ასეთ დროს კი ცუდი თამაში იშვიათი ამბავი არაა. მატჩი ვნახე და სხვათა შორის, მეტოქე არც ისე სუსტი იყო. ჩვენ გვგონია, რომ ისევ 30 წლის წინანდელი თაობა თამაშობს. არადა, ჩვენი წარმატებები ისტორიაში დარჩა“, – ამბობს დან პეტრესკუ, რომელიც ამჟამად „კლუჟის“ მთავარი მწვრთნელია.
დანი პეტრესკუ 90-იანი წლების რუმინეთის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ეროვნულ გუნდში თამაშობდა 1989-2000 წლებში (95 მატჩი, 12 გოლი). არის 1994 და 1998 წლების მსოფლიო ჩემპიონატის, ასევე 1996 და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული (1998) და ჩემპიონთა თასის ფინალისტი (1989). 2003 წელს ინგლისის პრემიერლიგის ლეგიონერთა ათწლეულის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ვიცეჩემპიონი მოულოდნელად 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. „უნივერსიტატეას“ წაგება რუმინეთში კვლავ ერთ-ერთ განხილვად თემად რჩება.