28 წლის ფრანგმა კალათბურთელმა, რუდი გობერმა ახალი კონტრაქტი გააფორმა „იუტა ჯაზთან“, ამის შესახებ გუნდმა 20 დეკემბერს ოფიციალურად დაადასტურა.
ESPN-ის ცნობით, გობერი 5 წლის განმავლობაში 205 მილიონ დოლარს მიიღებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცენტრისთვის ეს არის ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი კონტრაქტი.
„ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სჯერათ ჩემი. სჯერათ იმისი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ერთად ვაშენებდით, ორგანიზაციასთან და მთავარ მწვრთნელ ქუინ სნაიდერთან ერთად. მოტივაციას მაძლევს ის, რომ ამ შტატისა და ფრანშიზისთვის ყველას ერთნაირი ხედვა და მიზანი გვაქვს“, – აცხადებს რუდი გობერი.
ფრანგი კალათბურთელი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ცენტრია NBA-ში, რასაც მისი სტატისტიკაც ამტკიცებს. მან წინა სეზონში საშუალოდ 21.72 წუთი ითამაშა. გობერი მატჩში საშუალოდ 15.1 ქულას, 13.5 მოხსნას და 1.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. „იუტას“ ცენტრი ორჯერ გახდა ლიგის საუკეთესო მცველი და სამჯერ მიიღო მონაწილეობა ყველა ვარსკვლავის მატჩში (All Stars).
„იუტა ჯაზი“ ბოლო დროს საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება, რუდი გობერისა და დონოვან მიტჩელის დუეტი დღესდღეობით ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. წინა სეზონში „იუტას“ შეიძლება ითქვას, რომ არ გაუმართლა და პირველივე რაუნდში გამოეთიშა პლეი ოფს. სნაიდერის გუნდი სერიაში დამაჯერებლად უგებდა „დენვერ ნაგეთს“ 3:1 და სულ რაღაც ერთი მოგება სჭირდებოდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, მაგრამ „დენვერმა“ ზედიზედ სამი შეხვედრის მოგება მოახერხა, შემდეგ ეტაპზე გავიდა და ჯამალ მიურეისა და ნიკოლა იოკიჩის ფენომენალური თამაშის წყალობით, კონფერენციის ნახევარფინალში ჩემპიონობის ფავორიტის „კლიპერსის“ დამარცხებაც კი მოახერხა.
NBA 12 დეკემბერს წინასასეზონო მატჩებით განახლდა, 23 დეკემბერს კი რეგულარული სეზონი აიღებს სტარტს და გულშემატკივარი, როგორც ყოველთვის, დიდ სანახაობას უნდა ელოდოს.