ინგლისში სნუკერის პროფესიული ტურის მორიგი ტურნირი დასრულდა. Champion of Champions-ის ფინალში ერთმანეთს რონი ო’სალივანი და კაირენ უილსონი შეხვდნენ. ყველაფერი 9:9-ზე გადამწყვეტ მე-19 ფრეიმში გაირკვა. ო’სალივანმა 10:9 გაიმარჯვა და ჩემპიონი გახდა.
მატჩის მსვლელობისას, ო’სალივანი კომფორტული ანგარიშით იგებდა – 5:1 და 8:5, მაგრამ უილსონმა ზედიზედ ოთხი ფრეიმი მოიგო და 9:8 დაწინაურდა. მე-18 ფრეიმი რონიმ იმ დროს მოიგო, როცა უკვე ყველას განწირული ეგონა. მე-19 ფრეიმში კი „რაკეტამ“ თავისი საფირმო ასიანი ბრეიკი შეასრულა.
ამ სეზონში რონი ო’სალივანმა მეორე ტურნირი მოიგო.
მანამდე მან ოქტომბერში შანხაის „მასტერსი“ მოიგო, რის შემდეგაც, პირველი სნუკერისტი გახდა ისტორიაში, ვინც კარიერაში მოპოვებული ჰონორარების რაოდენობით 10 მილიონი ფუნტის ნიშნულს გადააჭარბა.