რონალდოს ნაცვლად გამოვიდა და დაჩრდილა - პორტუგალიის ახალი გმირი მუნდიალზე გონსალო რამოშია #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრები, მოულოდნელად რონალდოს გარეშე, მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში გავიდა. 21 წლის ფორვარდმა, გონსალო რამოშმა სასტარტო შემადგენლობაში კრიშტიანო შეცვალა და ისე მაგრად ითამაშა, რომ ეს ჩანაცვლება არავის შეუმჩნევია. მეტიც, იმაზე უკეთ ითამაშა, ვიდრე ახლანდელ რონალდოს შეეძლო: 67 წუთში სამი გოლი გაიტანა და კატარში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჰეთ-ტრიკის ავტორი გახდა.
რამოში პორტუგალიის ქალაქ ოლიანეში საფეხბურთო ოჯახში დაიბადა. მისი მამა მანუელ რამოში და ბიძა მიგელ ტეშეირა თამაშობდნენ პორტუგალიის დაბალ ლიგებში. გონსალო „ბენფიკას“ აკადემიის კურსდამთავრებულია. ის კლუბში 13 წლის ასაკში მოხვდა და ყველა ასაკობრივი კატეგორია გაიარა. თავდამსხმელის კარიერის ახალგაზრდული ეტაპის პიკი 2019/20 წლების სეზონია. შემდეგ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკას“ 8 გოლით დაეხმარა და ტურნირის ბომბარდირი გახდა. „ბენფიკას“ მთავარი გუნდის რიგებში სადებიუტო მატჩში „ავეშთან“ გონსალომ დუბლი ხუთ წუთში შეასრულა.
ამის შემდეგ ახალგაზრდა ტალანტის კარიერა შეჩერდა შეტევაში გაზრდილი კონკურენციის გამო: „ბენფიკაში“ რომან იარემჩუკი მივიდა და დარვინ ნუნიესი დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, ამ სეზონში კლუბი კიდევ ერთხელ ენდო და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო: რამოში „ბენფიკას“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც დაეხმარა (4 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა) და ჯგუფურ ეტაპზეც ერთი გოლი გაიტანა, ჩემპიონატში კი სუპერსტატისტიკა აჩვენა – 11 მატჩში 9 გოლი და 3 პასი.
რამოშის კარიერა ნაკრებშიც სწრაფად ვითარდება: სამი წლის წინ ის სომხეთში გამართულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ახლა კი კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მოაჯადოვა გულშემატკივრები. არადა, რამოშის დებიუტი ძირითად შემადგენლობაში სულ რაღაც 3 კვირის წინ შედგა.
რამოში გოლებს სუარესის სტილში აღნიშნავს, თუმცა ამ ზეიმს საერთო არაფერი აქვს ურუგვაელთან.
„ყოველთვის ბევრი გოლი გამქონდა და მამაჩემმა მითხრა, ზეიმი ისეთი ჟესტით უნდა აღნიშნო, რომელიც შენს იდენტიფიცირებას მოახდენსო. შემდეგ თანაგუნდელებს ველაპარაკე და მთხოვეს, იარაღი გამომესახა, თუ გავიტანდი. მას შემდეგ ყოველთვის ასე ვზეიმობ“, – ამბობს პორტუგალიელთა ახალი გმირი.
ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა. მასზე ზაფხულში „ვულვერჰემპტონი“, „ევერტონი“, „ნიუკასლი“ და „საუთჰემპტონი“ ნადირობდნენ, შემოდგომაზე კი ჭორები „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესახებ გავრცელდა. მიუხედავად ამისა, „ბენფიკამ“ არსად გაუშვა და სწორად მოიქცა – ახლა პორტუგალიელები უფრო ამბიციური კლუბებისგან ბევრად მეტის მიღებას შეძლებენ.