„ბარსელონას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ნიდერლანდების ნაკრებიდან კატალონურ კლუბში გადასვლის გადაწყვეტილება განმარტა.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა. ბოლო ორწელიწადნახევარში ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ნაკრებში წარმატებისთვის მიმეღწია.
უკან სიამაყით ვიხედები, რადგან ამ პერიოდში ერთად ბევრს მივაღწიეთ. ნიდერლანდების ნაკრებს დიდი მომავალი აქვს, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ყველამ იცის, რომ „ბარსელონა“ – ჩემი ოცნების კლუბია. ჩემთვის განსაკუთრებული გრძნობაა, რომ შემიძლია იქ მწვრთნელი გავხდე“, – განაცხადა კუმანმა ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე.
57 წლის სპეციალისტი 19 აგვისტოს ოფიციალურად წარადგინეს „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად. მისი კონტრაქტი კატალონურ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. მან კიკე სეტიენი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო ორშაბათს დაითხოვეს პოსტიდან.