რომში, შეზღუდვების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
რომში, შეზღუდვების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

რომში, პარლამენტის შენობასთან, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. სააგენტო „ესოშიეტიდ პრესის“ ცნობით, აქციას რესტორნებისა და ბარების მფლობელები მართავდნენ. ასობით ადამიანი კორონავირუსის გამო კვების ობიექტების დახურვას აპროტესტებდა და მთავრობისგან მათი ბიზნესის გახსნას ითხოვდა.

იტალიური სააგენტო „ანსას“ ცნობით, ბიზნესის წარმომადგენლებს დემონსტრაციაზე ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების წევრები შეუერთდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც არეულობა მოჰყვა.

დაპირისპირების დროს დაშავდა ერთი პოლიციელი, შვიდი მომიტინგე კი, დააკავეს.

იტალიის ხელისუფლებამ სააღდგომოდ სამდღიანი მკაცრი კარანტინი გამოაცხადა, რომლის გასვლის შემდეგაც შეზღუდვების ნაწილი ძალაში დარჩა. იტალიაში რესტორნები და ბარები სულ მცირე 30 აპრილამდეა დახურული. დაშვებულია მხოლოდ გატანის სერვისი.

დატოვე კომენტარი