რომან კაკულია - მძიმე და ტრაგიკულ მაგალითზე მიუკერძოებელი დასკვნები უნდა გაკეთდეს
რომან კაკულია - მძიმე და ტრაგიკულ მაგალითზე მიუკერძოებელი დასკვნები უნდა გაკეთდეს

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ მძიმე და ტრაგიკულ მაგალითზე სწორი და მიუკერძოებელი დასკვნები უნდა გაკეთდეს, რაც სამომავლოდ ნებისმიერ გართულებას გამორიცხავს.

ჟურნალისტებთან საუბარში რომან კაკულია ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ტრაგედიის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ის შეცდომები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იქნა დაშვებული სხვადასხვა ფაქტებთან მიმართებაში.

„საჭირო არ არის წინასწარი გარკვეული გზავნილების გაკეთება და ისრების გადატანა რომელიმე მხარეს, ვიდრე სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია არ გვექნება. რაც შეეხება იმას, რომ სისტემაში მუშაობდა ადამიანი, ვის მიმართაც გარკვეული სახის მინიშნებები არსებობდა, თუ ასეთი რამე იყო, ეს ცუდი ფაქტია, რომელსაც დაგვიანებული, მაგრამ რეაგირება სჭირდება. სისტემის გაჯანსაღება მყისიერი არ არის და თუ ვინმე ფიქრობს, რომ სისტემა აბსოლუტურად ჯანსაღია, ალბათ, ეს სწორი არ არის. არის პრობლემები, რასაც თანმიმდევრული და ადეკვატური რეაგირება სჭირდება. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები იმ ნაკლოვანებებს გამოავლენს, რომელზეც რეაგირება ასეთ დროს მაინც უნდა მოხდეს, თუ ის თავის დროზე მიზანმიმართულად არ მოხდა. ცხადია, სისტემის რეაგირება უფრო ადეკვატური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს სერიოზული ანალიზი სჭირდება. ის შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ, რაც ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ, არის ფაქტები, რაც ითქვა და არ ითქვა. ყველამ იცის, საუბარი რაზე არის. იმედია, დასკვნებს სწორად გავაკეთებთ და ყველაფერს სახელებს სწორად დავარქმევთ ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე“, – განაცხადა კაკულიამ.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული.