რომან გოცირიძე - საქართველოს ხელისუფლებამ ახლავე უნდა მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს
რომან გოცირიძე - საქართველოს ხელისუფლებამ ახლავე უნდა მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს

რუსეთი აკეთებს პროვოკაციას და აიძულებს ცხინვალის რეგიონის მარიონეტულ ხელისუფლებას რეფერენდუმის ჩატარებას. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ ახლავე უნდა მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რუსეთს დაუწესდეს სანქციები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის ხელმოწერაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პრევენციური ზომებია მისაღები.

„ბიბილოვი ფაქტობრივად აპირებს სიმბოლურად ჩვენი ტერიტორიების რუსეთზე შეერთებას, სიმბოლური დამთხვევაა იმისა, რომ დღესაც კი ჩვენი ტერიტორიების დაპყრობას აპირებს ბოროტი სახელმწიფო. უკვე ეს განცხადებაც საკმარისია, რომ რუსეთი აკეთებს პროვოკაციას და აიძულებს ცხინვალის რეგიონის მარიონეტულ ხელისუფლებას რეფერენდუმის ჩატარებას. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ ახლავე უნდა მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რუსეთს დაუწესდეს სანქციები უკვე საქართველოს ოკუპაციის კონტექსტში. სანქციების საფუძველი არ უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია, არასდროს საქართველო არ არის ნახსენები სანქციების კონტექსტში, ახლავე უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ, განგაში უნდა ატეხოს. დღესვე უნდა მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სანქციები გაფართოვდეს მათ შორის უკვე რუსეთის მიერ ქვეყნის სამართლებრივი ანექსიის გამო. დღეს უნდა იდგეს პრეზიდენტით დაწყებული პრემიერ მინისტრით დამთავრებული საოკუპაციო ზოლთან და უნდა ეცვას ჩექმები, ტალახში უნდა იდგნენ, უნდა აჩვენებდნენ „ბიბისი“ და „სიენენი“, თუ სად დგას რუსეთის საოკუპაციო ჯარი, ამის ნაცვლად ჯერ განცხადებაც არ გაუკეთებიათ. პრევენციული ზომები არის მისაღები, რუსეთს უნდა დაუწესდეს სანქციები საქართველოს ოკუპაციის გამო“, – განაცხადა გოცირიძემ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“. ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანი  აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება“.