რომან გოცირიძე - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია
რომან გოცირიძე - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია

რაც პარლამენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებას ეხება, არაფრით უნდა იზღუდებოდეს, ეს ელემენტარული ნორმაა და ბუნებრივია, გადაწყვეტილება გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია.

„დეპუტატს უკრძალავენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას, ეს აბსურდია. წარმოიდგინეთ, ნიკანორ მელიას უნდა პარლამენტში მოსვლა, ურეკავს პროკურორს და ის ნებას რთავს, ვინაიდან გადის ისეთი საკითხები, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ არ არის სახიფათო. მეორე შემთხვევაში, სადაც მნიშვნელოვანი კენჭისყრაა და არ აწყობს მმართველ პოლიტიკურ ძალას, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ნიკა მელია არ მივიდეს პარლამენტში. ანუ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან შესაძლებელია, ხელისუფლებამ იმოქმედოს ნიკა მელიას პარლამენტში მისვლის ან არ მისვლის თვალსაზრისით. შეუძლებელია, გამოძიებაზე იყოს დამოკიდებული დეპუტატის პარლამენტში მისვლას ან არ მისვლას რა კრიტერიუმით განსაზღვრავს პროკურატურა.

არ ვიცი, ელექტრონულ მონიტორინგში რას გულისხმობენ, თუ სამაჯურს, მაშინ შეიძლება ყოფილიყო თუნდაც ელექტრონული მონიტორინგის დროს დეპუტატის თავისუფალი გადაადგილება, თუნდაც მხოლოდ პარლამენტში, ერთი მისამართით, სახლიდან პარლამენტამდე. პარლამენტში მისვლა შეიძლებოდა, ელექტრონულად გაკონტროლებულიყო, იგივე სამაჯურით და არ ყოფილიყო საჭირო საგამოძიებო ორგანოს ნებართვა. ის, რაც პარლამენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებას ეხება, არაფრით არ უნდა იზღუდებოდეს. ეს არის ელემენტარული ნორმა და ბუნებრივია, გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურა ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებს.

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელია იქნება პირველი, ვისთან მიმართებაშიც ელექტრონულ სამაჯურს გამოიყენებენ. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა, ელექტრონული მონიტორინგი უზრუნველყოფს 24 საათიან რეჟიმში ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენას, ეს შესაძლოა, განხორციელდეს ე.წ. სამაჯურის გზით.