ამირან გულუაშვილი - ელექტრონული მონიტორინგი უზრუნველყოფს 24 საათიან რეჟიმში ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენას, ეს შესაძლოა განხორციელდეს ე.წ. სამაჯურის გზით
ამირან გულუაშვილი - ელექტრონული მონიტორინგი უზრუნველყოფს 24 საათიან რეჟიმში ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენას, ეს შესაძლოა განხორციელდეს ე.წ. სამაჯურის გზით

ელექტრონული მონიტორინგი არის ტექნიკური საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს 24 საათიან რეჟიმში ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენის შესაძლებლობას, მათ შორის ეს შესაძლოა განხორციელდეს ე.წ. სამაჯურის გზით, – ამის შესახებ პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა ნიკა მელიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ გაბინაშვილის მხრიდან გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

როგორც პროკურორმა განაცხადა, დამატებით ელექტრონული მონიტორინგის გარდა, კვლავ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ  საცხოვრებელი სახლის დატოვების და საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით დაწესებული აკრძალვები.

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, საქმეში არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ ნიკანორ მელიას მიმართ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ჩვენი საჩივრის შესაბამისად მიგვაჩნდა ერთადერთი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც უნდა გამოყენებულიყო, არის პატიმრობა, მაგრამ ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო. ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესი განხორციელდება გირაოს შეფარდების პირობებში,

განსხვავებით პირველი ინსტანციისგან გამოყენებული იქნა დამატებით ელექტრონული მონიტორინგის საშუალება, ეს არის ტექნიკური საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს 24 საათიან რეჟიმში ადამიანის გადაადგილების და მისი ადგილსამყოფელის დადგენის შესაძლებლობას, მათ შორის ეს შესაძლოა განხორციელდეს ე.წ. სამაჯურის გზით.

რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის დატოვებას, საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით დაწესებულ აკრძალვებს, სასამართლომ სრულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. წინასწარი ინფორმირება საგამოძიებო ორგანოსი საცხოვრებელი ადგილის დატოვების საკითხზე, კვლავ ძალაში რჩება“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს პროკურატურა განახორციელებს.