ადვოკატი - ნიკა მელია იქნება პირველი, ვისთან მიმართებაშიც ელექტრონულ სამაჯურს გამოიყენებენ
ადვოკატი - ნიკა მელია იქნება პირველი, ვისთან მიმართებაშიც ელექტრონულ სამაჯურს გამოიყენებენ

სავარაუდოდ, ელექტრონული სამაჯური გახდება დამატებითი გარანტი, რათა ნიკა მელიას გადაადგილების ზუსტ მარშრუტს დააკვირდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ გაბინაშვილის მხრიდან გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ნიკა მელია იქნება პირველი, ვისთან მიმართებაშიც ელექტრონულ სამაჯურს გამოიყენებენ დამატებით აღკვეთის ღონისძიებად.

„ელექტრონული სამაჯურის შესაძლებლობას იძლევა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, თუმცა როგორც ვიცი, დღემდე ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა და ნიკა მელია პირველი იქნება. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, დაველოდებით დასაბუთებულ განჩინებას. ჩვენ გვაქვს სამართლებრივად სწორი პოზიცია – ნიკანორ მელიას პატიმრობა არ შეეფარდა, ის არის პარლამენტის წევრი და ვერანაირი სამართლებრივი ინსტრუმენტებით ვერ შეუჩერებენ ამ უფლებას. მას ასევე აქვს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, რომლის შეუფერხებლად განხორციელებასაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია და თავისთავად, ვერავინ შეზღუდავს მისი, როგორც პარლამენტარის უფლებამოსილების განხორციელებას. კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით, ვერანაირი ინსტრუმენტი ვერ შეზღუდავს ნიკა მელიას, რომ წავიდეს პარლამენტში და მოვალეობა შეასრულოს. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას, ვეცდებით ამ საქმეზე დადგეს გამამართლებელი განაჩენი“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს პროკურატურა განახორციელებს.