რომან გოცირიძე - არჩევნებში საკმაოდ მაღალი აქტივობა იყო, მეორე ტურში უფრო ნაკლები ამომრჩეველი მოვა
რომან გოცირიძე - არჩევნებში საკმაოდ მაღალი აქტივობა იყო, მეორე ტურში უფრო ნაკლები ამომრჩეველი მოვა

აქეთ არის მილიონი, იქით არის 600 000, სხვაობა არის 400 000, დარჩენილია ერთი თვე და ამ უზარმაზარი უფსკრულის ამოვსება, ასე ვთქვათ, ამოქაჩვა წარმოუდგენელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ამ არჩევნებში ზუსტად იმდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რამდენმაც წინა საპრეზიდენტო არჩევნებში. საქართველოში 3,5 მილიონი ამომრჩეველი არ არის. მთლიანად ჩვენი მოსახლეობა 3,7 მილიონია. დანარჩენი 700 000 ამომრჩეველი უცხოეთშია, საიდანაც არჩევნებში 10 000 კაცი მონაწილეობს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს.

წმინდა სტატისტიკურად, „ქართულ ოცნებას“ უცხოეთში რესურსი არ აქვს. შიგნით, თუ ჩავთვლით, რომ არჩევნებზე იმდენივე ადამიანი მოვიდა, რამდენიც წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით, 66%-მა მიიღო, თუ ემიგრანტებს გამოვრიცხავთ. ანუ, ეს დაბალი აქტივობა არ არის. ეს საკმაოდ მაღალი აქტივობაა“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, არჩევნებზე ამომრჩეველი მოვიდა და ილუზიაა ის, რომ ვიღაც სახლში დარჩა და მეორე ტურში მოვა.

„როცა ვამბობთ, რომ არჩევნებზე 47% მოვიდა, ადამიანს რჩება ისეთი წარმოდგენა, რომ თურმე, ხალხი სახლში დარჩა, მაგრამ სინამდვილეში, არ დარჩენილა. ამიტომ, განაწყენებული, თუ გაბუტული ადამიანების ფაქტორი არ მუშაობს. ამომრჩეველი იგივე მოვა. მეორე ტურში უფრო ნაკლები მოვა და ამ ერთი თვის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ ისეთი რისი შეთავაზება შეუძლია, რაც ამომრჩევლის გულს მოიგებს?“, – განაცხადა გოცირიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ მოხერხდა გრიგოლ ვაშაძის ირგვლივ სხვა ოპოზიციური პარტიების შეკვრა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ეს შეკვრა ქვეყნის უპერსპექტივო მომავალმა გამოიწვია.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები იმიტომ წააგო, რომ ეკონომიკური პოლიტიკა მოშლილია და ხელისუფლებას არჩევნები სიღარიბემ წააგებინა.

„ექვსი წლის თავზე ადამიანებმა დაინახეს, რომ იმაზე ღარიბი არიან, ვიდრე ექვსი წლის წინ იყვნენ. სიღარიბის გარდა, არის კორუფციის ფაქტორი, ძალადობის, შვილმკვდარი მამების, უსამართლობის, ხელისუფლების უზურპაციის და სხვა ფაქტორები“, – განაცხადა გოცირიძემ.