რომან ფიფია - დარასელიას თასის წინა გათამაშებებმა გამოავლინა ჩვენი ვარსკვლავები და დარწმუნებული ვარ, ახლაც იგივე მოხდება #1TVSPORT
რომან ფიფია - დარასელიას თასის წინა გათამაშებებმა გამოავლინა ჩვენი ვარსკვლავები და დარწმუნებული ვარ, ახლაც იგივე მოხდება #1TVSPORT

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო თასის გათამაშების დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საინტერესო ფაქტი გააჟღერა „დინამოს“ აკადემიის დირექტორმა, ლევან გვანცელაძემ – საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა 54 პროცენტი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. ამ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება „დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა და აკადემიის დამფუძნებელმა, რომან ფიფიამ.

„ეს ფაქტი უკვე შეაფასეს და დააფასეს ევროპულმა მედიამ, სკაუტებმა და კლუბებმა. მოხარული ვარ ამ აღიარების გამო. მადლობა იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ამ 10 წლის განმავლობაში შევძელით და ეს შედეგი დავდეთ. ამას აკეთებდა დიდი ჯგუფი, სადაც არიან მწვრთნელები, ექიმები, ფიზიოთერაპევტები, პერსონალი.

სწორედ ამ ტალანტების გასაზრდელად ტარდება დარასელიას თასი, რადგან წინა ტურნირებმა გამოავლინა ჩვენი ვარსკვლავები და დარწმუნებული ვარ, ამ ტურნირზეც იგივე მოხდება. მოხარული ვარ, რომ მეხუთედ ვმასპინძლობთ ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს, რომელსაც პანდემიის გამო სამი წელი ვერ ვატარებდით“, – ამბობს რომან ფიფია.

ტურნირზე „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობამ ოთხი ქვეყნის ხუთი გუნდი მიიწვია – იტალიური „ჯენოას“ და „მონცას“ აკადემიები, ასევე ესპანური „სევილია“, თურქული „ბაშაქშეჰირი“ და აზერბაიჯანული „ყარაბაღი“. ტურნირის გახსნის მატჩში მასპინძელი „დინამო თბილისი“ იტალიურ „მონცას“ დაუპირისპირდება.