საფეხუბრთო ტაიმაუტი | რომან ფიფია - ქომაგი იტყვის, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყიდით და ფულს შოულობთო, მაგრამ დარჩენა არავის სურს და მათი მესმის #1TVSPORT
საფეხუბრთო ტაიმაუტი | რომან ფიფია - ქომაგი იტყვის, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყიდით და ფულს შოულობთო, მაგრამ დარჩენა არავის სურს და მათი მესმის #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბთან დაკავშირებით მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

„ჩვენთვის უმთავრესი ეროვნული ჩემპიონატია. ეს ქომაგისა და საზოგადოების დაკვეთაა – „დინამო თბილისი“ იმისთვისაა შექმნილი, რომ ჩემპიონი იყოს, ეს ერთი; მეორე – ჩვენ ვზრდით ახალგაზრდებს და დრომ აჩვენა, რომ ამ საქმეს კარგად ვაკეთებთ – ასაკობრივ თუ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების პროცენტული მაჩვენებლით „დინამო თბილისი“ ლიდერია.

ვხედავთ, რომ თუ ამ 17-18 წლის ნიჭიერ ბავშვებს ევროპაში თამაში სურთ, მათი გუნდში გაჩერება, თუნდაც კარგი ანაზაღაურების სანაცვლოდ, რთულია და ეს არის ფაქტი. ჩვენთვის გამოწვევაა, რადგან ამ ბიჭებთან ერთად ევროსარბიელზე შედეგს მივაღწევთ, მაგრამ ბავშვების სურვილის არგაგებაც შეუძლებელია.

ქომაგი იტყვის, ფეხბურთელებს უშვებთ და ფულს შოულობთო. მაპატიეთ, მაგრამ ვერცერთ ვარსკვლავს ვერ მოძებნით, რომელმაც ერთი-ორი წელი „დინამოში“ დარჩენა და კლუბთან ერთად ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა ისურვა. მათ ვერც ვამტყუნებ, რადგან ყველას დიდ ფეხბურთში სურს, საკუთარი თავი გამოსცადოს.

პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს რთული საკითხია. „დინამო“ უნდა ეცადოს, ევროსარბიელზე ვინც გამოგვყვება, შედეგს მათი დახმარებით მიაღწიოს. ლეგიონერების გარეშე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. ქვეყანაში „დინამო თბილისის“ აკადემიის მსგავსი კიდევ რამდენიმე საფეხბურთო ცენტრი რომ იყოს, ეს საკითხი უფრო ადვილი მოსაგვარებელი იქნებოდა, რადგან მეტი ფეხბურთელი გამოჩნდებოდა.

არც ხვიჩა კვარაცხელია დაგვიბრკოლებია, არც გიორგი ჩაკვეტაძე და არც მომავალში ვაპირებთ, ვინმეს ხელი შევუშალოთ, ყველას თავისი გზა აქვს. უკვე ჩვენი ვალდებულებაცაა, ისინი გავზარდოთ, რაც „დინამო თბილისს“ კარგად გამოსდის. საქმის საკეთებლად მხოლოდ ფული საკმარისი არ არის, საქმეც უნდა გიყვარდეს.

ბიზნესის სფეროში ვისაც დიდი შემოსავლები აქვს, სამწუხაროდ, მათ უმრავლესობას სპორტის განვითარებაში თანხის დაბანდება საერთოდ არ აინტერესებს. საქართველოს მასშტაბით, „დინამოს“ აკადემიაში პატარა თანხა არ ჩაიდო. ბევრი ვერ ხვდებოდა, ეს როდის გაამართლებდა, მე ვთქვი, რომ ეს შედეგს დაახლოებით ათ წელიწადში მოიტანდა და ასეც მოხდა, შედეგი გამოიღო ნაკრებისთვის.

ვენდობი ჩვენს მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს და ველოდები, რომ ქომაგებს გავახარებთ. ახლა ამის მეტი რწმენა მაქვს, რადგან დღეს უკეთესი გუნდი გვყავს, ვიდრე არსებული სახსრებით იყო შესაძლებელი. ევროტურნირებამდე არცერთ ფეხბურთელს არ გავყიდით – ასეთი რამ აქამდე არასოდეს გაგვიკეთებია. ძალიან გვიჭირს, მაგრამ გიორგისთან საუბრის შემდეგ ასე გადავწყვიტეთ.

გვქონდა რეალური წინადადებები ანრი მექვაბიშვილზე, გიორგი მოისწრაფიშვილზე, გაბრიელ სიგუაზე, მაგრამ მინდა, შედეგი მივიღო და ამისთვის ბოლომდე დავიხარჯო, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს. ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ რომან ფიფიამ.