მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი კიდევ ერთ პოზიციას დაკარგავს მსოფლიო რეიტინგში და კლასიფიკაციის მეშვიდე ნომერი გახდება.
ეს მოხდება მაიამის „მასტერსის“ შემდეგ, რომელიც 24 მარტს იწყება. შვეიცარიელი ლეგენდა არ აპირებს ფლორიდაში თამაშს და ის ვერ დაიცავს იმ სარეიტინგო ქულებს, რომელიც 2019 წელს მოპოვებული ტიტულისთვის მიიღო. ფედერერს ჩამოაჭრიან ამ ქულების ნახევარს, რადგან აღარ იმოქმედებს რეიტინგის „გაყინვის“ სისტემა.
ასე რომ, როჯერს ნებისმიერ შემთხვევაში გაუსწრებს გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, რომელიც მსოფლიოს მეექვსე გახდება.
ასევე ფედერერის გასწრების შანსი ექნება რუს ანდრეი რუბლიოვს, ოღონდ ამისთვის მას მაიამიში ტიტულის მოგება სჭირდება.