როჯერ ფედერერი გულშემატკივრებს ემოციური სიტყვითა და ცრემლებით დაემშვიდობა [ვიდეო] #1TVSPORT
ლეივერის თასზე კარიერაში ბოლო მატჩის ჩატარების შემდეგ, ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა გულშემატკივრებს გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა, რომლის დროსაც მან და რაფაელ ნადალმა ცრემლები ვერ შეიკავეს.
„ეს შესანიშნავი დღეა. ვუთხარი ბიჭებს, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ და არ ვარ მოწყენილი. ისევ სიამოვნებით შევიკარი თასმები ჩემს სპორტულ ფეხსაცმელზე. ყველაფერი ბოლოჯერ ხდებოდა.
რადგან გვერდით ეს ბიჭები, ნათესავები და მეგობრები მეგულებოდნენ, დიდად სტრესი არ მიგრძვნია, მაგრამ მქონდა შიში, რომ მატჩის მსვლელობისას ფეხს ან ზურგს დავიზიანებდი. ძალიან მიხარია, რომ ბოლომდე შევძელი თამაში.
შეხვედრა შესანიშნავი გამოვიდა. ძალიან მიხარია. ყველაფერი საოცარი იყო.
რა თქმა უნდა, რაფასთან ერთად თამაში, ასეთი ბიჭებისა და ლეგენდების კომპანიაში ყოფნა… როდ ლეივერი, სტეფან ედბერგი, მადლობა (იწყებს ტირილს).
ძალიან კარგია, რომ ბიჭები გვერდით იყვნენ. არ მინდოდა მატჩის შემდეგ თავი ეულად მეგრძნო. და ეს შესანიშნავია. გუნდთან ერთად გემშვიდობებით… მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ გუნდური მოთამაშე ვარ.
მადლობა ჩემს გუნდს. რომელიც მთელი ეს დრო ჩემთან იყო. მადლობა ენდის, ტომასს, ნოვაკს, მატეოს, სტეფანოსს, რაფასა და კასპერს. და, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე გუნდს. ბიჭებო, თქვენ დაუჯერებელნი ხართ.
მე მაქვს შეგრძნება, რომ ეს ზეიმია. მე სწორედ ეს შეგრძნება მჭირდებოდა და ასეც გამოვიდა. ბედნიერი ვარ, რომ მომიწია ჩოგბურთის თამაში და მეგობრებთან ერთად დროის გატარება. ეს იყო იდეალური მოგზაურობა და მე მას სიამოვნებით გავიმეორებდი.
მადლობა ყველას. რამდენი ადამიანი მიჭერდა მხარს და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.
ასევე ფედერერმა მადლობა გადაუხადა თავის ცოლს მირკას: „მას შეეძლო უფრო ადრე გავეჩერებინე. მაგრამ ეს არ გააკეთა. ის ძალას მმატებდა და თამაშის საშუალებას მაძლევდა. ეს საოცრებაა. მადლობა“.
ფედერერმა და ნადალმა წყვილთა შეხვედრაში 6:4, 6:7(2), 9:11 წააგეს ამერიკელების დუეტთან – ჯეკ სოკთან და ფრენსის ტიაფოსთან. ეს იყო როჯერის კარიერაში ბოლო შეხვედრა.