მსოფლიოს მესამე ჩოგანს, შვეიცარიელ როჯერ ფედერერს მიაჩნია, რომ ფიზიკური დატვირთვების მხრივ, ჩოგბურთი ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა. ლეგენდის აზრით, თამაშის რიტმი გაცილებით მაღალი გახდა.
„ჩოგბურთელები ადრეც ძლიერ დარტყმებს ასრულებდნენ, მაგრამ თამაშის საერთო ტემპი დაბალიდან საშუალომდე იზრდებოდა და პირიქით. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იყო მაღალი. ახლა კი, ჩვეულებრივ, სიჩქარეები ან საშუალოა ან მაღალი. ფიზიკური დატვირთვების მხრივ, ჩოგბურთი რთული სახეობა გახდა.
ბოლო წლებში რიტმი გაცილებით ამაღლდა. ადრე უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავდი, რადგან ბევრი გათამაშება მხოლოდ მოწოდებისგან და ბადესთან გასვლისგან შედგებოდა. დღეს ჩოგბურთი სულ სხვა სახეობაა“, – ამბობს შვეიცარიელი Tennis World USA-სთან კომენტარში.