„როიტერი“ - ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძირითადად დაცულია
„როიტერი“ - ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძირითადად დაცულია

მედიის ცნობით, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძირითადად დაცულია. ღამის განმავლობაში სერიოზული ინციდენტები არ მომხდარა. თუმცა, ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ გამთენიისას ერთ-ერთი სოფლის მისამართით ტაჯიკეთის მხრიდან ცეცხლი გახსნეს, რასაც ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე ვითარება პარასკევს დილიდან დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.​ ყირგიზეთის ხელისუფლება იუწყება 24 გარდაცვლილისა და ათობით დაშავებულის შესახებ. ტაჯიკეთის ხელისუფლება მსხვერპლის რაოდენობას არ ასახელებს. თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერი“ უსაფრთხოების სამსახურში წყაროზე დაყრდნობით წერს, ტაჯიკეთის მხარეს მოკლულია სულ მცირე შვიდი ადამიანი.

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს, რომ ტაჯიკეთმა ყირგიზეთის ტერიტორიის დაკავება სცადა. ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით კი, ყირგიზეთმა რამდენიმე სოფელი ვერტმფრენებიდან და დრონების გამოყენებით დაბომბა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ ტაჯიკეთის უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით წერს, ორივე ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს დღესაც აგრძელებენ.