„როიტერი“ – სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს, შეამოწმოს იმ უცხოელი ჟურნალისტების სოციალური ქსელების ანგარიშები, რომლებიც აშშ-ში სამუშაოდ ვიზას ითხოვენ

01:16, 07.08.2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს, რომ შეამოწმოს იმ უცხოელი ჟურნალისტების სოციალური ქსელების ანგარიშები, რომლებიც ქვეყანაში სამუშაოდ ვიზას ითხოვენ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გამოცემა The Daily Signal-ში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივა, რომელიც ვიზის მრავალი კატეგორიის მსურველებს სოციალური ქსელების ანგარიშების გასაჯაროებას ავალდებულებს, ახლა უცხოელ ჟურნალისტებზეც გავრცელდება. ამავე ინფორმაციით, შემოწმების პროცედურა შეეხება კანადიდან და მექსიკიდან ჩამოსული გარკვეული კატეგორიის უცხოელი მუშაკების ვიზებსაც.

„სახელმწიფო დეპარტამენტი მაქსიმალურად ამოწმებს და აფასებს ყველა უცხოელ მოქალაქეს, რომელსაც აშშ-ში შესვლა სურს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი პატივს სცემენ ამერიკის კანონებს, მათ შორის ვიზის პირობებს და არ წარმოადგენენ საფრთხეს აშშ-ის უსაფრთხოებისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის ან ეროვნული ინტერესებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირები იყენებენ სხვადასხვა მეთოდს, რათა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, დაიცვან ეროვნული უსაფრთხოება, თავიდან აიცილონ თაღლითობა და უზრუნველყონ განაცხადების სრულყოფილი განხილვა.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის შევა ახალი პოლიტიკა ძალაში. აღნიშნული ნაბიჯი იმ ფართო პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია 2025 წლის იანვარში მეორე ვადის დაწყების შემდეგ ატარებს და რომლის მიხედვითაც, ონლაინ აქტივობა, შესაძლოა, გავლენას ახდენდეს საიმიგრაციო და სავიზო გადაწყვეტილებებზე.

მსგავსი