„როიტერი“ - პრაღის ცენტრში ჩეხეთის მთავრობის, ევროკავშირისა და ნატო-ს საწინააღმდეგო ხალხმრავალი აქცია გაიმართა, რომელზეც ენერგორესურსებზე მზარდი ფასები გააპროტესტეს
„როიტერი“ - პრაღის ცენტრში ჩეხეთის მთავრობის, ევროკავშირისა და ნატო-ს საწინააღმდეგო ხალხმრავალი აქცია გაიმართა, რომელზეც ენერგორესურსებზე მზარდი ფასები გააპროტესტეს

ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა პრაღის ცენტრში ჩეხეთის მთავრობის, ევროკავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. დემონსტრანტებმა მოუწოდეს მმართველ კოალიციას, გააკეთონ მეტი ენერგორესურსებზე მზარდი ფასების კონტროლისთვის.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ულტრამემარჯვენე და რადიკალური პოლიტიკური პარტიები იყვნენ, მათ შორის „კომუნისტური პარტია“. ისინი აცხადებენ, რომ ჩეხეთი სამხედრო კუთხით ნეიტრალური უნდა იყოს და უზრუნველყოს პირდაპირი კონტაქტები გაზის მომწოდებლებთან, მათ შორის რუსეთთან.

პოლიციის შეფასებით, დემონსტრაციაში 70 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

საპროტესტო აქცია პრაღის ცენტრალურ მოედანზე მას შემდეგ გაიმართა, რაც ერთი დღით ადრე ჩეხეთის მთავრობა უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. ოპოზიცია მმართველ გუნდს ინფლაციისა და ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასების წინაშე უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ, რომელიც ხუთი პარტიისგან შემდგარ მემარჯვენე-ცენტრისტულ მმართველ კოალიციას ხელმძღვანელობს, ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არ მოქმედებენ. მან აქციის ორგანიზატორებს პრორუსული ძალები უწოდა, რომლებიც ჩეხეთის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.