„როიტერი“ - კათოლიკურ ეკლესიაში ტრანსგენდერებს მონათვლა და ნათლიობა შეეძლებათ
ვატიკანის გადაწყვეტილებით, კათოლიკურ ეკლესიაში ტრანსგენდერებს მონათვლა და ნათლიობა შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ლგბტ თემის წარმომადგენლების ნათლობისა და ქორწინების წმინდა რიტუალებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კითხვით წმინდა საყდარს ბრაზილიის ეპისკოპოსმა სანტო ამაროდან, ხოსე ნეგრიმ ივლისში მიმართა.
ტრანსგენდერების ნათლობასთან დაკავშირებით ვატიკანის რწმენის დოქტრინის დეპარტამენტი დადებით პასუხს იძლევა, თუმცა გარკვეული პირობებით, რომ „არ იქნება საჯარო სკანდალის გამოწვევისა და მორწმუნეებში დეზორიენტაციის გამოწვევის რისკი“.
ვატიკანის პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანსგენდერ პირებს შეუძლიათ, გახდნენ ნათლიები ან ჯვრისწერის მოწმეები ადგილობრივი სასულიერო პირის შეხედულებისამებრ. თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას მღვდელს მოუწევს გამოიჩინოს „პასტორალური წინდახედულობა“. ჯვრისწერის მოწმედ ყოფნა შეუძლია ჰომოსექსუალური იდენტობის პირსაც.
„როიტერის“ ინფორმაციით, ვატიკანის რწმენის დოქტრინის დიკასტერიამ ბუნდოვანი პასუხი გასცა კითხვას, შეძლებენ თუ არა ერთნაირსქესიანი წყვილები აყვანილი შვილის ან სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვის მონათვლას. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ამისათვის უნდა იყოს საფუძვლიანი იმედი, რომ ბავშვი „განათლებას კათოლიკური რელიგიის მიხედვით მიიღებს“.
რაც შეეხება ჰომოსექსუალური იდენტობის პირთა ნათლიობას, „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში დიკასტერიის პასუხი დადებითი, თუმცა ბუნდოვანია: შესაძლებელია, თუმცა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს „რწმენის შესაბამისი ცხოვრებით“.