უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რობ ჰოული რაგბიდან წელიწადნახევრით მოკვეთეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უელსის რაგბის კავშირმა სამთვიანი გამოძიების შემდეგ მიიღო. მიზეზი აზარტული თამაშები გახდა. ჰოულიმ უელსის ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასის წინა პერიოდში მას შემდეგ დატოვა, რაც აზარტულ თამაშებში მონაწილეობის სკანდალი გახმაურდა.
უელსის რაგბის კავშირის დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომიტეტმა აღმოაჩინა, რომ რობ ჰოულიმ 2015 წლის 13 ნოემბრიდან, 2019 წლის 7 სექტემბრამდე 1163 ფსონი დადო, აქედან 363 რაგბის მატჩებს უკავშირდებოდა. მათ შორის იყო დადებული ფსონები უელსის ნაკრების შეხვედრებზეც, რომლის ასისტენტი მწვრთნელი თავად იყო. როგორც ირკვევა ჰოულიმ ამ ხნის განმავლობაში აზარტული თამაშებით ოთხი ათასი ფუნტი სტერლინგი წააგო.
49 წლის სპეციალისტს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 14 დღიანი ვადა აქვს. რობ ჰოული აცხადებს, რომ ნაკრებიდან გადადგომის შემდეგ ფსონები აღარ განუთავსებია და ფსიქოლოგთანაც იყო, რათა აზარტული თამაშებისთვის თავი დაენებებინა.