რაგბი | მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნების“ მეტოქეს ახალი მწვრთნელი ჰყავს - უელსში პივაკი გეთლენდმა შეცვალა #1TVSPORT
რაგბი | მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნების“ მეტოქეს ახალი მწვრთნელი ჰყავს - უელსში პივაკი გეთლენდმა შეცვალა #1TVSPORT

ნოემბრის ტესტებზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსის ნაკრებს კარდიფში მოუგო (13:12). ამ შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფრომაცია, რომ უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, უეინ პივაკის მომავალი ამ თანამდებობაზე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. საქართველოსთან წაგების შემდეგ უელსმა კიდევ ერთი მატჩი დათმო ავსტრალიის ნაკრებთან და პივაკს კარისკენ მიუთითეს.

ახალი მწვრთნელის დანიშვნაზე უელსის რაგბის ხელმძღვანელობას დიდი ხანი არ უფიქრია – ამ პოსტზე ახალზელანდიელი სპეციალისტი უორენ გეთლენდი დააბრუნეს, რომელმაც „დრაკონებთან“ კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ გეთლენდი უელსის ნაკრებს 2007-2019 წლებშიც წვრთნიდა და მის სახელს უკავშირდება ამ ქვეყნის რაგბის ნაკრების წარმატებული პერიოდი – 2011 წელს უელსელებმა მსოფლიო თასის ნახევარფინალში ითამაშეს, 2015 წელს კი ინგლისში გამართულ მსოფლიო თასზე მასპინძელი ნაკრები ჯგუფში ჩატოვეს.

მოგეხსენებათ, 2023 წლის მსოფლიო თასზე უელსი ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეა. გეთლენდის გაწვრთნილი უელსის წინააღმდეგ „ბორჯღალოსნებმა“ 2019 წლის მსოფლიო თასზეც ითამაშეს და მაშინ უელსმა 43:14 მოგვიგო. 2019 წლის მსოფლიო თასზე უელსის ნაკრებმა მესამე ადგილისთვის მატჩი ახალ ზელანდიასთან 17:40 წააგო.