ბრიტანეთი ცალსახად უჭერს მხარს ისრაელს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
„სიტუაცია, რაც ისრაელში ვნახეთ ბოლო 36 საათის განმავლობაში, მართლაც შემზარავია. მინდა, გამოვხატო ჩემი აბსოლუტური სოლიდარობა ისრაელის ხალხის მიმართ. ახლა არ არის გაურკვევლობის დრო. ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ „ჰამასს“, პასუხისმგებელნი არიან ამ საშინელი ტერორის აქტზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაზე, მათ შორის ბავშვების. მე ახლახან ველაპარაკე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, რათა დავარწმუნო იგი დიდი ბრიტანეთის ურყევ მხარდაჭერაში, რადგან ისრაელი თავს იცავს ამ საშინელი თავდასხმებისგან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ მათ. ტერორიზმი არ გაიმარჯვებს“, – აღნიშნა სუნაკმა.
ინტერვიუს დროს ბრიტანეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ არავის სურს რეგიონში სიტუაციის ესკალაცია. მან ბრიტანეთისა და მოკავშირე ქვეყნების სახელით მოუწოდა სხვა ქვეყნებს, არ გამოიყენონ ეს სიტუაცია, როგორც შესაძლებლობა შემდგომი ძალადობის ან სიძულვილის გასაღვივებლად.